„ქვა-ქაღალდი-მაკრატელი“
აზიური წარმოშობის თამაშია, რომელიც “zero sum”-ის თეორიას ეფუძნება. მოცემული თეორია მოგებისა და
წაგების (მიღებული სარგებლისა და დანაკარგის) დაბალანსებას გულისხმობს. ყოველდღიურ
რეალობაში ინტენსიურად ხდება პირთა ინტერესების გადაკვეთა და საგულისხმოა რომ ხშირ
შემთხვევაში ერთი პირის ინტერესის დაკმაყოფილება აზიანებს სხვის ინტერესს. შესაბამისად
დაპირისპირებისას რაც უფო მეტს კარგავს ერთი მხარე, უფრო მეტს ღებულობს მეორე.
კონფლიქტურ სიტუაციებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით.
პრაქტიკულად ყველგან სადაც ორი ან ორზე მეტი ადამიანია. ზოგჯერ კონფლიქტი საკუთარ თავთანაც
გვექმნება, როცა საკუთარ სურვილებსა და მოტივებს ვეჯახებით.
კონფლიქტის დეფინიცია შემდეგში მდგომარეობს:
კონფლიქტი - ოპონენტების ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული მიზნების, ინტერესების, პოზიციების,
აზრებისა და შეხედულებების ან პიროვნების საკუთარ თავთან დაპირისპირებას წარმოადგენს.
მართალია კონფლიქტი ყოველი ჩვენგანისთვის ემოციურად ნეგატიურ პროცესთან ასოცირდება,
მაგრამ მას მეცნიერთა უმრავლესობის აზრით პოზიტიური ფუნქციებიც გააჩნია. კერძოდ კონფლიქტები
წარმოშობენ ახალ და ამასთან ერთად, შემოქმედებით იდეებს. მათ შეუძლიათ ურთიერთდამოკიდებულებების
გაძლიერება, ახალი ჯგუფებისა და ორგანიზაციების შექმნა, ასევე შესაძლოა მან პიროვნების
განვითარებაზე, კომუნიკაციური უნარჩვევების ჩამოყალიბებაზე პოზიტიური გავლენა იქონიოს.
შესაბამისად, აქ მოყვანილი პოზიტიური ფუნქციების მიხედვით კონფლიქტი ხასიათდება, როგორც
„ჯანმრთელი“, ნორმალური მოვლენა. თუმცა, ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი უარყოფითი
ბუნებაც.
ნებისმიერ კონფლიქტს საფუძვლად უდევს ობიექტური მიზეზები, როგორიც არის: რაიმე
საბაბით ურთიერთდაპირისპირებული მხარეები, ან მათი ურთიერთსაპირისპირო მიზნები და მიღწევის
საშუალებები, ან ოპონენტების განსხვავებული დამოკიდებულება მოვლენის მიმართ, ინტერესებში,
სურვილებში, მისწრაფებებსა და ღირებულებებში შეუთავსებლობა.
რაც შეეხება კონფლიქტის სუბიექტურ მიზეზებს, კონფლიქტური სიტუაცია კონფლიქტს ყოველთვის არ წარმოშობს. მას კონკრეტული
ობიექტური სიტუაცია და მონაწილე მხარეების მიერ ამ სიტუაციის, როგორც კონფლიქტურის
გაცნობიერება იწვევს. ერთიდაიგივე მოვლენა ერთი პირისთვის შესაძლოა კონფლიქტური იყოს,
ხოლო მეორესთვის „სიცილის საგანს“ წარმოადგენდეს. ფაქტია, რომ სხვათა კონფლიქტის ინტერპრეტაციას
ვახდენთ, როგორც მონაწილეების მხრიდან არასწორ ქმედებას, ხოლო „საკუთარ კონფლიქტებს“
გარემოს, ობიექტურ გარემოებებს მივაწერთ ან სხვებს ვადანაშაულებთ.
კონფლიქტის არსებითი ნიშანია მისი დამყარება
ურთიერთობაზე. კონფლიქტური ინტერაქცია მრავალი ფორმისაა და თითოეული მათგანი წარმოადგენს
სპეციფიკურ პრობლემას, მოთხოვნების სპეციალურ ნუსხას. ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი კონფლიქტური
ინტერაქციაა: ყვირილი, ღია კონკურენცია, რომლის საშუალებით ყოველი მხარე ცდილობს მეორე
მხარეზე უპირატესობის მოპოვებას. კონფლიქტი შესაძლოა იყოს ლატენტური (შენიღბული) ხშირად
ადამიანები კონფლიქტზე მისი ჩახშობით ზემოქმედებენ, რამაც მომავალში შესაძლოა ნეგატიური
შედეგი გამოიღოს.
კონფლიქტის
მიზანი - მონაწილე მხარეების მოქმედებებს, სტრატეგიასა და ქცევის ტაქტიკას არეგულირებს.
ადამიანები თავიანთ პოზიციებს ჯიუტად იცავენ, ხოლო რეალურ მიზნებს, როგორც წესი მალავენ.
მიზნებში შესაძლოა მოიაზრებოდეს:
1) ობიექტი-რა
მოტივები ამოძრავებთ, რისი მიღწევა სურთ.
2)მხარეების ურთიერთდამოკიდებულება
- როგორია კონფლიქტის სოციალური ასპექტები (მონაწილეებს როგორი ურთიერთდამოკიდებულება
აქვთ ერთმანეთთან)
3)ფსიქოლოგიური მოთხოვნები
- რა არის მათი პოზიციების, მოთხოვნების საფუძველი (აგრესიის მოთხოვნილება თუ თავდაცვა,
მორალური ორიენტაცია, თვითდამკვიდრება და სხვა)
თუ პიროვნება საკუთარ
მიზნებზეა ორიენტირებული, ის კონფლიქტურ სიტუაციაში იკავებს დომინანტურ ადგილს ან გაურბის
პრობლემებს, ხოლო სხვათა მიზნებზე და ინტერესებზე ორიენტირებული - თანამშრომლობისა
და დათმობის სტრატეგიებს ამჯობინებს. როცა ორივე მხარის მიზნების გათვალისწინება ხდება,
შედეგად ვიღებთ კონფლიქტის კომპრომისულ გადაწყვეტას.
განასხვავებენ კონფლიქტის ოთხ სახეს - შიდაპიროვნული, პიროვნებათაშორისი, ჯგუფთაშორისი
და შიდაჯგუფური. კონფლიქტის სახეებს შორის მკაფიო ზღვარი არ არსებობს, შესაძლოა
ერთი ფორმა მეორეში გადაიზარდოს, ან მისი თანმხვედრი იყოს.
შიდაპიროვნული კონფლიქტი წარმოიშობა, როდესაც
პიროვნებას სხვადასხვა მოტივები გააჩნია და მათ შორის არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების
მიღება უჭირს. მაგალითად, როცა ადამიანი ორ მიმზიდველი, მაგრამ ურთიერთგამმომრიცხავი
ალტერნატივის წინაშე დგას. როდესაც ადამიანს
მისთვის ურთიერთგამომრიცხავ მნიშვნელოვან მოვლენასა და ძვირფას ადამინას შორის უწევს
არჩევანის გაკეთება. სადაც ერთიდაიგივე მიზანი ერთდროულად მიმზიდველია და არამიმზიდველიც,
თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
პიროვნებათაშორის კონფლიქტში მონაწილეობს
რამდენიმე სუბიექტი, სადაც ხდება ცალკეული ინდივიდების ინტერესების შეჯახება და მათი
დაპირისპირება. ერთი პირის ინტერესი, და მისი დაკმაყოფილების გზები აზიანებს სხვა პირის
ინტერესებს.
ჯგუფთაშორისი კონფლიქტის დროს, კონფლიქტი
წარმოიშობა როგორც სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ასევე ჯგუფის შიგნით ცალკეულ წარმომადგენლებს
შორის. ჯგუფებს შორის კონფლიქტის სამ მიდგომას გამოყოფენ: მოტივაციური, სიტუაციური
და კოგნიტური.
1)მოტივაციური მიდგომა,
შესაძლოა ჯგუფთაშორისი კონფლიქტის მიზეზი, ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრების სოციალური
უთანასწორობის გრძნობა გახდეს. მოტივაციური მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ ჯგუფის
მიზანია იყოს საუკეთესო. იქიდან გამომდინარე,
რომ საზოგადოებაში მეტ-ნაკლებად პრივილეგირებული
ჯგუფები არსებობენ , კონფლიქტის აღმოცენების გამომწვევი მიზეზები პოტენციურად
ყოველთვის არსებობს.
2)სიტუაციური მიდგომა,
ჯგუფებს შორის კონფლიქტს გარეგანი სიტუაციური ფაქტორების კოოპერაცია-კონკურენციის კონტექსტში განიხილავს. ასეთი ჯგუფები სიტუაციაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. განსხვავებულია მათი კომუნიკაცია, აღქმა, ერთმანეთის მიმართ განწყობა და ამოცანაზე ორიენტირება.
კოოპერაციული ჯგუფი, ინფორმაციის გაცემით და ღიაობით ურთიერთთანადგომით ხასიათდება. მისი ზემოქმედების ფორმაა დარწმუნება. ხოლო კონკურენტულ ჯგუფს ოპოზიციური განწყობა ახასიათებს (მე კარგი ვარ, შენ ცუდი). იგი
მეორე მხარის არასწორი ინფორმაციით შეცდომაში შეყვანას ცდილობს. აქვს მზაობა, რის საფუძველძეც მეორე მხარის ნებისმიერ მოთხოვნაზე ნეგატიური რეაგირებას ახდენს.
3)კოგნიტური მიდგომა გულისხმობს ისეთ
შესაძლებლობას, რომლის საფუძველზეც ადრე მტრულად განწყობილი ჯგუფები ერთმანეთის მიმართ სიმპათიით განეწყობიან, თუ მათი ურთიერთთანამშრომლობის შედეგი წარმატებული და პროდუქტიულია. ექსპერიმენტულად დადგინდა, რომ ჯგუფებსშორის კონფლიქტი მაშინ ვითარდება, როცა ფსიქოლოგიური ოპოზიცია, „ჩვენ და ისინი“ წარმოიქმნება. ამ დროს სტერეოტიპების მთელი ნუსხა ყალიბდება.
შიდაჯგუფური კონფლიქტი თავისთავად დამოუკიდებელი ფორმა არ არის. იგი ხან პიროვნებათაშორის, ხან კი ჯგუფთაშორისი კონფლიქტის სახეს იღებს, იმის მიხედვით თუ ვინ ღებულობს მასში მონაწილეობას. კონკურენტულ ურთიერთობებში საკუთარი პოზიციების გამყარება სხვათა ინტერესების შევიწროების ხარჯზე ხდება. ჯგუფთაშორისი კონფლიქტის დროს ცალმხრივი წაგება ჯგუფისთვის უფრო დამამცირებელ შეფასებას წარმოადგენს, ვიდრე ორივე მხარის დამარცხება. შესაბამისად
კონფლიქტი პოზიტიურად ჩაითვება თუ ჯგუფის დანაწევრებას საშიშროება არ ემუქრება და პირიქით, იგი ღირებულებათა გაფართოების სტიმულს იძლევა.
კონფლიქტზე რეაგირების სამი გზა არსებობს : გაქცევა, ბრძოლა და დიალოგი.
გაქცევა არაკონსტრუქციული რეაგირების ფორმაა, მისი მექანიზმებია: პრობლემაზე ორიენტაციის შეცვლა, რის შედეგადაც სიტუაცია აღარ აღიქმება როგორც კონფლიქტური, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. გაქცევა შეიძლება იყოს ცნობიერი და არაცნობიერიც. მასში ერთვება დამცავი
მექანიზმები: ა) უარყოფითი შინაარსის განდევნა ცნობიერიდან არაცნობიერში.
ბ)რაციონალიზაცია - პიროვნება ცდილობს თავისი ქცევის ასახსნელად რაციონაული საფუძველი მონახოს. ამ დროს ხდება ინდივიდის რეალური აზრების და მოტივების ბლოკირება. არსებობს კონფლიქტიდან გაქცევის ორი სტრატეგია: 1.
გაქცევა სიტუაციიდან მისი იგნორირების საშუალებით
და 2. გაქცევა საკუთარი ინტერესებიდან და მოტივებიდან, საკუთარი პრობლემის იგნორირებით.
ბრძოლა - მიმართულია ერთი მხარის მიერ მეორის დათრგუნვაზე.
მისი გამოვლენა შესაძლებელია, როგორც ვერბალური ისე ფიზიკური ზემოქმედების ფორმით. ბრძოლაში ქმედების ფართო სპექტრი მოიაზრება. ბრძოლა
სხვათა შევიწროვების ხარჯზე საკუთარი ძალების გაძლიერებას გულისხმობს.
დიალოგი - კონფლიქტზე რეაგრების ეს სტრატეგია , პრობლემის
ალტერნატივების მონახვის გზით კომპრომისის მისაღწევად გამოიყენება. დიალოგს გარეგანი
და შინაგანი გამოვლინება ახასიათებს. შინაგანი დიალოგი საკუთარ თავთან მიმდინარეობს,
ხოლო გარეგანი დიალოგის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა არგუმენტაციასა და კონტრარგუმენტაციას
ენიჭება.
კონფლიქტის მოგვარების სამი მექანიზმი არსებობს:
1)
დომინირება - ერთი მხარის გამარჯვება, რაც ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივას უშლის ხელს.
2)კომპრომისი - დათმობაზე მიდის ორივე მხარე, რაც მათთვის გარკვეულწილად არახელსაყრელია.
3)ინტეგრაცია - პრობლემის ისეთი გადაწყვეტა, რომელიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებას ემსახურება.
კონფლიქტის ეფექტურ მოგვარებაზე გავლენას „მესამე“ მხარის მონაწილეობა ახდნეს. ეს არის ინდივი, ან ჯგუფი, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის კონფლიქტთან.
როგორც ზევით ავღნიშნე კონფლიქტი არის
ადამიანებს შორის შეუსაბამობა, კონსესუსის მიუღწევლობა და მასში უპირატესობის მოპოვება
დამოკიდებულია მხარეთა ქმედებებზე, თუ რამდენად ეფექტურად ახერხებენ საკუთარი ინტერესების დაცვას, მიდიან თუ არა გონივრულ
დათმობებზე და სხვა. აღსანიშნავია რომ განსაკუთრებული
სირთულის მქონე დავების გადაწყვეტაში მონაწილეობს მხარეებზე მეტად კვალიფიცირებული
მესამე პირი, მედიატორის სახით, რათა კონფლიქტი
გადაწყდეს გაცილებით ეფექტური გზებით. 

